18 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაიზარდა - "გამჭვირვალობა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კვლევა 2012-17 წლებში, ახალი სსიპ-ების და აიპ-ების შექმნას ეხება. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, კონკრეტული სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რაოდენობა და სახელფასო ფონდი საგრძნობლად გაიზარდა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კითხვის ნიშნებს იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც, რაც შესაძლო ნეპოტიზმზე მიუთითებს. მონაცემების მიხედვით, თუ 2012 წელს სსიპ-ებსა და აიპ-ებში იყო დასაქმებული შტატიანი 8870 თანამშრომელი, 2017 წლის მონაცემებით, 74 სსიპ-სა და აიპ-იში დასაქმებულია 12632 თანამშრომელი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე გაზრდილია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს შტატიან და უშტატო თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულია 216 მილიონი ლარი, ხელფასის სახით.

„მაშინ, როდესაც სახელმწიფო საუბრობს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს, ამ პერიოდში სსიპ-ების და აიპ-ების გაზრდა და მათი ხარჯის გაზრდა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. რეალურად, ჩვენ გვაქვს ასევე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმდა, მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი და ა.შ. როგორც ჩანს, განსაკუთრებით რეგიონში სსიპ-ები და აიპ-ები გამოიყენება იმისთვის, რომ თანამდებობის პირებმა დანიშნონ თავიანთი ოჯახის წევრები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ 2017 წლის პირველ მაისამდე ყველაზე მეტად თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ქუთაისის მერიის სპეციალურ სერვისებში, ზუგდიდის დასუფთავების ცენტრში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები მუნიციპალიტეტების მხრიდან აიპ-ებისა და სსიპ-ების შექმნისას. ასევე, თანამშრომელთა აყვანა ხდებოდეს კონკურსით საკანონმდებლო დონეზე.

„ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ არსებობდეს უფრო ნათელი და მკაფიო კრიტერიუმები იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში შეიძლება მუნიციპალიტეტმა დააფუძნოს აიპ-ი, რა საქმიანობის სფეროს ფარგლებში და დასაბუთებით. აიპ-ებში არ არსებობს თანამშრომლების კონკურსით აყვანის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ასევე აუცილებელია, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით ესეც მოწესრიგდეს,“ - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიტიკოსი გიორგი ნასრაშვილი.

დღის ამბები