თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანიამ, „ტავ ჯორჯიამ“ ხანგრძლივი დროით გაჩერებული თვითმფრინავების მფლობელებს გადასახადი დაუწესა.
აეროპორტში ბაზირებულ ადგილობრივ კომპანიებს საფასურის გადახდა ჩამოფრენიდან 14 დღის შემდეგ მოუწევთ. ყოველ მომდევნო დღეზე თვითმფრინავებმა პარკირებისთვის 100-დან 375 დოლარამდე უნდა გადაიხადონ.
ამის თაობაზე „ტავ ჯორჯიას“ შეტყობინება 12-მა ავიაკომპანიამ მიიღო. კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების განვითარებას ხელოვნურად აფერხებს.
კომპანიების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გადასახადის დაწესება მისაღებია, რადგან რეგულაციები პრობლემას მხოლოდ იმ კომპანიებს შეუქმნის, რომლებიც საჰაერო გადაზიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში არ ახორციელებენ.
"ჰაბ ჯორჯიას" დირექტორი, ვასო ურუშაძე დარწმუნებულია, რომ დამატებითი რეგულაციების შემოღებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას კარგავს.