საქართველოს მიერ წარდგენილი ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატები სტრასბურგში გასაუბრებას დღეს გაივლიან. მესამე სექტორის პროგნოზით, ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურიას აირჩევენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები დანარჩენი ორი კანდიდატურის ჩავარდნას პროგნოზირებენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, მათი შეფასებით,“რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვებია.
„სტრასბურგი ისე დაიღალა საქართველოს მოსამართლეების დაბლოკვით, რომ ბოლოს და ბოლოს ვფიქრობ, რომ ამ სამეულში ყველაზე სერიოზულ კანდიდატს ლადო ჭანტურიას, ისინი აუნთებენ მწვანე შუქს და წარადგენენ ევროპის საბჭოს ასამბლეაზე. დანარჩენმა ორმა მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე იმდენად გაიტეხა სახელი, რომ არ მგონია, რომ მათი წარდგენის შესაძლებლობის საერთოდ 1% შანსი იყოს,“ - აცხადებს „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილი.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მესამედ წარდგენის ფონზე, სტრასბურგი მიდგომას შეარბილებს, ამდენად, ამჯერად კონკურსის თავიდან დაწყებას არ ელოდებიან.
„ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი დაიბლოკა, მაშინ როდესაც მოხვდა რამდენიმე საკმაოდ საკამათო კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა, გვახსოვს მისი მონაწილეობა გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაბამისად, მისი ავტორიტეტი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს,“ - აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.
ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან გასაუბრება ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე მოხდება. პროცედურა სამეტაპიანი კონკურსის მეორე ნაწილია, რის შემდეგაც შერჩეულ ერთ ან ორ კანდიდატს კენჭს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან.
დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული, ახალი მოსამართლე ეყოლება.