საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტმა საქალაქო სასამართლოში ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.
შორენა თეთრუაშვილის ჩვენება „კურიერმა“ მოიპოვა.
პატრიარქის მდივან-რეფერენტი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სახელწმიფოსა და საპატრიარქოს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ილია მეორემ გვერდი აურა.
თეთრუაშვილი ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მეუფე იაკობს საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.
„პატრიარქი კი არ შეცდა, პატრიარქმა არ გაითვალისწინა, უკაცრავად, უფრო სწორედ, ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ იცით, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს და რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისთვის. უწმინდესს შეეძლო, ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ უკვე ეპისკოპოსების განწყობა არ იყო მაინცდამაინც ისეთი სასურველი და ამან გამიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. როდესაც ეუბნებოდნენ, სამართლებრივად არ აქვს მას ამის უფლება, თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ეს უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს და რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო მაინცდამაინც, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემა, რომ ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა ზედმეტად მისი უფლებების გაზრდად. თუმცა, მას თავისუფლად შეეძლო, ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლებები იქნებოდა, შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითაც თავიდან დაინიშნა,“ - განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.