აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „კურიერთან“ საუბარში ლომჯარია ადასტურებს. ის უშუალოდ იყო პასუხისმგებელი და ზედამხედველი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შემოწირულობებზე.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურშინინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს მუშაობას, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.
„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „კურიერთან“ საუბარში.
თანამდებობას ტოვებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე დევი ვეფხვაძე. ვეფხვაძემ ინფორმაცია „კურიერს“ დაუდასტურა.
„მქონდა გენერალურ აუდიტორთან შეხვედრა და მადლობა გადამიხადა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. არანაირი მიზეზი, მე კანონმა გამათავისუფლა, გენერალურ აუდიტორს არ გავუთავისუფლებივარ. იქნება რაღაც ფორმალური საკითხები მოსაგვარებელი, საბუთები იქნება მისატანი, წამოსაღები და ასე შემდეგ. ეს გენერალური აუდიტორის გადასაწყვეტი იყო, ეს მისი კომპეტენცია იყო ვინ უნდა დაენიშნა,“-განაცხადა დევი ვეფხვაძემ.
„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა წარსულში "ქართუ ბანკის" დირექტორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა.