ციანიდის ხმაურიანი საქმე კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო პროცესის მიზეზი გახდება. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ. ადვოკატები იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროებას უკრძალავს, ამ დროს კი პროკურატურა კონტექსტიდან ამოღებული ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს.
”პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ამ 374-ე მუხლის ნორმა შეჩერდეს, სანამ სასამართლო განხილვას დაიწყებს და დაამთავრებს ამ საკითხზე, ვინაიდან, არსებობს ალბათობა, რომ როგორც აქამდე იზღუდებოდა ამ უკანონო ნორმით ჩვენი უფლებები, ახლა უკვე ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს ამ უკანონობით. ამავდროულად უმთავრესია, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობა დადგეს დღის წესრიგში და უამრავი სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რის გამოც ეს ნორმა უნდა გაუქმდეს,“- განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
იურისტის გიორგი ჩიტიძის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
“მსჯავრდებულს და მის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელ რიგ უფლებებს არღვევს, როგორიც არის, სამართლიანი სასამართლო, გამოხატვა, დისკრიმინაცია და ა.შ. საკმაოდ ვრცელი სარჩელია. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაიწყებს განხილვას, რადგან ჩვენ ნორმის შეჩერების მოთხოვნაც დავაყენეთ,“ - აღნიშნა ჩიტიძემ.