მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს - ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა გააკეთა.
შერმადინი ამბობს, რომ საბჭოს მხრიდან კანდიდატების მიმართ არათანაბარ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რაც არათანაბარი სირთულის კითხვების დასმაში გამოიხატებოდა.
„გამჭვირვალობის“ იურისტმა ნაზი ჯანეზაშვილისა და ვახტანგ მჭედლიშვილის მიმართ, საბჭოს დანარჩენი წევრების მხრიდან არაეთიკურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„საბჭოს ორი წევრის მიმართ, კერძოდ ნაზი ჯანეზაშვილის და ვახტანგ მჭედლიშვილის მიმართ არაეთიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ საბჭოს დანარჩენი წევრები. მათი შეკითხვები აშკარად გაღიზიანებას იწვევდა და ადგილი ჰქონდა, როგორც ცინიკურ წამოძახილებს, ასევე ხმამაღალ შელაპარაკებებს გასაუბრებების მიმდინარეობისას, რაც საბჭოსადმი ნდობის პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს,“ - აცხადებს შერმადინი.