ხახუბიების ოჯახის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი, გორის გვირაბთან ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე საუბრობს.
ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება, რამაც ბექა ხახუბიას გარდაცვალება გამოიწვია.
„აქ ცალსახად დგინდება, რომ საპატრულო პოლიციამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ისე, რომ არცკი გაიაზრა, ამას რა შედეგი შეიძლება, მოჰყოლოდა,“ - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მოწმის ჩვენებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სწორედ ეს ადამიანები აღწერენ გზის ჩახერგვის მონაკვეთებს.
ის საპატრულო პოლიციის უფლებების დამცველებს აკრიტიკებს, როდესაც საუბრობენ, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არის ინტერპრეტაცია.
„საპატრულო პოლიციას არც კი გაუაზრებია, რას აკეთებდა, რამდენად იქნებოდა საკმარისი, ექნებოდა მძღოლს იმის მანევრირების საშუალება, რომ გაეჩერებინა ავტომობილი,“ - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.
ადვოკატის თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხახუბია დამნაშავედ გამოიყვანონ, რომელიც სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
რაჟდენ კუპრაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბექა ხახუბია მანამდეც იყო დაკავებული და დროებითი დაკავების იზოლატორიდან მალევე გაათავისუფლეს, არ ადასტურებს.
„ეს არის სიცრუე, რომ ბექა ხახუბია დააკავეს, დროებით იზოლატორში იყო და შემდგომ მინისტრმა გამოუშვა, ეს არის შეთხზული ისტორია,“ - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ პირველ გაჩერებაზე პატრულ-ინსპექტორმა გაიგო, ვინ იჯდა საჭესთან. მისი თქმით, პატრულ-ინსპექტორების ინტერესების დამცველების საპირისპირო განცხადებები სამართალდამცავების დაცვას ემსახურება.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბექა ხახუბიას მეუღლე დააჯარიმეს, რაზეც ბექა ხახუბიამ დარღვევის მტკიცებულებები მოითხოვა. ამის შემდეგ კი შედგა ოქმი პოლიციასთან წინააღმდეგობის შესახებ.
„ბექა ხახუბია იმ საღამოს არ დაუკავებიათ, მის მიმართ შედგა ასეთი სამართალდარღვევის ოქმი,“ - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.