ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებას "ქართული ოცნება" სავარაუდოდ, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გეგმავს. მმართველი გუნდი ყველა იმ პროცედურას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება, თავიდან გაივლის. მათ შორის ხელახლა უნდა შეიქნას საკონსტიტუციო კომისიაც.
„საუბარია ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე, ამ შეთანხმების შესაბამისად შევა ცვლილებები კონსტიტუციაში. ამ კვირაში აუცილებლად იქნება ინიცირებული ცვლილებები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განხილვები მთავარი ოპოზიციური ძალების გარეშე ჩაივლის. მათ კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
„უპრეცედენტო ფაქტია, როცა კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში არ მომხდარა ასეთი შემთხვევა, როდესაც ორი კვირის წინ მიღებულ ქვეყნის მთავარ კანონს ცვლიდე ორი კვირის შემდეგ. ცვლილებები შეგქონდეს ცვლილებებისთვის და არა იმისთვის, რომ რაღაცა სიკეთე დაადგეს ქვეყანას. ის კომისიაც, რომელიც მანამდე მუშაობდა იყო ბლეფი,“-აცხადებს „ენმ“-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.
ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დიალოგის ყველა გზა მოჭრა, მაშინ როდესაც კონკრეტული შესწორებების განხილვა დაასახელა.
სახალხო განხილვებში მონაწილეობას აპირებს პატრიოტთა ალიანსი.