"ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს, საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ კორუფციას უწოდებს.
საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ მაჟორიტარული წესით არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საკუთარ ფრაქციას შექმნიან.
„ეს არის პოლიტიკური კორუფცია, შეუძლებელია, რომ ერთ ან ორი მაჟორიტარის გაყვანით პარტიამ მიიღოს დაფინანსება იმდენი, რამდენსაც იღებს კვალიფიციური სუბიექტი. 3% მოსახლეობის არის საკმაოდ დიდი რიცხვი და ლოგიკური იყო რომ დაფინანსების რაღაც ზღვარი დაწყებულიყო ამ მეთოდით. ეს მეთოდი პირდაპირ არის უმრავლესობის მიერ პოლიტიკური პარტიის მოსყიდვის ფორმა ხალხის ფულით,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერების თქმით, ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მოხდება იმ პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომელიც მმართველ გუნდთან არიან კავშირში.
„ეს კანონი ემსახურება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც შედიან უმრავლესობაში, რათა მათთან მოთანამშრომლე ჯგუფებს და მათთან შემავალ ჯგუფებს მისცენ თანხა და გაუჩნდეთ დამატებითი ფული. იმის მაგივრად რომ იზრუნონ დემოკრატიის განვითარებაზე, იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ თანაბარი პირობების შექმნაზე, კვლავ ზრუნავენ საკუთარ თავზე,“-აცხადებს სერგო რატიანი.