საარჩევნო ადმინისტრაციამ თიანეთის მერად თამაზ მეჭიაურის უფლებამოსილება ცნო. შემაჯამებელი ოქმი უკვე გამოიცა. სასამართლოში კი დავის გაგრძელებას აანონსებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი.
ქიტესაშვილი ამტკიცებს, რომ 4 საარჩევნო უბანზე 6 ბიულეტენი დაიკარგა და ამ ბიულეტენებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე, ამიტომ არჩევნები თიანეთის 4 უბანზე თავიდან უნდა ჩატარდეს. ლელა ქიტესაშვილის თქმით, ის გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, გასაჩივრების ვადას და სარჩელს სასამართლოში ხვალ შეიტანს.
„უნდოდათ დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, გაეუქმებინა ეს შედეგი, მაგრამ უკვე აღარ აყვნენ იქ თავისივე დანიშნული კომისიის წევრები და მხოლოდ სამი კაცის მხარდაჭერა მიიღო. გაკოტრებული პოლიტიკოსი და ახლა უკვე გაკოტრებული იურისტი ეძებს თავისივე კვალიფიკაციის იურისტს, არ შემდგარ იურისტს სასამართლო სისტემაში, იქნებ რულეტკასავით სადმე გაარტყას. ხან რომელ რომელ ინსტანციაში მიდის, ხან რომელში,“ - აცხადებს მეჭიაური და ამბობს, რომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელს არავინ დააკმაყოფილებს.