20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"კომისიის საქმიანობაში პარლამენტი არ ერევა"- მმართველი გუნდი მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს ახალ წლამდე შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ უნდა მიიღოს, შესაბამისად, ისინი საკითხზე პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებენ. გედევან ფოფხაძემ, რომელიც ე.წ. უდოს კომისიის წევრია, კრიტერიუმები განმარტა. 

„მთელი რიგი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი, თვითონ პიროვნება მსჯავრდებულის დამოუკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი, მისი რესოციალიზაციის მომენტი და მისი ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კომისია ამ ინფორმაციას აგროვებს და ამის საფუძველზე მსჯელობს, შეიძლება თუ არა თავისუფლების აღკვეთა სხვა სასჯელით შეიცვალოს. ამ საკითხის წმინდა პოლიტიკური შეფასება არ მინდა,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ კომისიის საქმიანობაში პარლამენტი არ ერევა.

„პოლიტიკური ფორმატი აქ არ არის და შესაბამისად, ჩემი კომენტარიც უადგილო იქნება. კომისიის საქმიანობაში პარლამენტი არ ერევა,“ - აღნიშნა სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გადასცეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება, ე.წ. უდოს კომისიამ უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები