საქართველოში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფება საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია. პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შედგა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, საიდანაც ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - ეკონომიკა და ტურიზმი.
„საქართველოს და საუდის არაბეთს, სტრატეგიული გამოწვევებით აღსავსე რეგიონებში უწევთ არსებობა და ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება და განმტკიცება. საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი, სტრატეგიულად ესოდენ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე აყვანა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ შურას (პარლამენტის) თავმჯდომარემ აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ შეიხმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდეს. ქართველი კოლეგებისგან საქართველოს შესახებ ყველა ინფორმაციას მივიღებთ, რომელსაც საუდის არაბეთში ყველა შესაბამის მხარეს გავუზიარებთ. ვეცდებით ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ურთიერთობები. განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა იგეგმება და ვფიქრობ, რომ ტურიზმის სფეროს განვითარებას შევძლებთ,“ - ამბობს აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ შეიხი.
დღესვე საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს შორის. საუბარი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.
საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობითა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდა.