20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
პარლამენტმა ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება ცნო - ჯგუფის ფორმირებას სხდომათა დარბაზში დებატები მოჰყვა

ერთწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება ცნო, რაც ნიშნავს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან ერთი წლის შემდეგ, ნდობის ჯგუფი არასრული შემადგენლობით, თუმცა პირველად შეიკრიბება. ნდობის ჯგუფის ფორმირებას სხდომათა დარბაზში დებატები მოჰყვა.

ნდობის ჯგუფის მე-5 წევრი აურჩეველია. საუბარი იყო, რომ ნდობის ჯგუფში „ნაციონალური მოძრაობის“ ან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი შესულიყო, თუმცა ხმები გაიყო, რასაც სხდომათა დარბაზში დებატები მოჰყვა. ნდობის ჯგუფის წევრობაზე პრეტენზია აქვს დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილსაც. 

„როგორ წარმოგიდგენიათ ნდობის ჯგუფის მუშაობა, მაშინ როდესაც მასში არ იქნება, ვერ იქნება წარმოდგენილი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია? ვხედავ ეს პარლამენტი დღითიდღე როგორ ხდება ბუტაფორია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს ორ პარტიას შორის.

„მიიღეთ გადაწყვეტილება, იმ ორგანოში, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, საიდუმლო ინფორმაციებს ფლობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გინდათ თუ „პატრიოტთა ალიანსის“. ეს იქნება თქვენი პოლიტიკური არჩევანი. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია მოკლებული უნდა იყოს იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.

„თქვენ თუ დღეს არ მოგწონთ, რომ 6 წევრი ხართ წარმოდგენილი და თავს მთავარ ოპოზიციურ პარტიად იწონებთ, ეს გაარკვიეთ თქვენს წარსულში და თქვენს ამომრჩეველთან, წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი 5 კაციან ნდობის ჯგუფში იყო ერთი. დღესაც წარმოდგენილი იქნება ერთი,“-  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

დღის ამბები