ნუცუბიძის ფერდობზე, რამდენიმე დღის წინ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე, პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის სხდომაზე. საპარლამენტო ოპოზიცია საქმის საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
სესიაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრების მიმართ გაკვირვება გამოთქვა თუ როგორ არ უჩნდებათ მათ კითხვები პავლიაშვილის საქმესთან მიმართებაში.
„ნუთუ ქალბატონებო და ბატონებო თქვენ არ გიჩნდებათ საერთოდ ეს კითხვა როგორ ხდება, რომ ძალიან საეჭვოდ, ყველა ამ შემთხვევაში, სადაც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ქრება საერთოდ ვიდეო ჩანაწერები,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მან ასევე მიმართა უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის 9 წელი შეახსენეს.
"ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ გუნდი, რომელიც ბავშვის მკვლელობის დაბრალებით მოვიდა ხელისუფლებაში," - აღნიშნა ბოკუჩავამ.