რუსეთისა და საქარველოს საპატრიარქოებს შორის აფხაზეთის საკითხზე დაწყებულ მუშაობას კრიტიკულად აფასებენ თეოლოგები და ქართულ ეკლესიას ევქარისტული კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ.
სპეციალისტების განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვის პოზიციებს იზიარებს, ამდენად მსგავსი პროცესები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ყველაზე სწორი მიდგომა რუსეთის საპატრიარქოსადმი არის მასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პირდაპირ აღიარებენ, რომ ემსახურებიან რუსეთის სახელმწიფოს, აღიარებს აფხაზეთს, აღიარებს ოსეთს, იქ მუდმივად ცდილობს საკუთარი უკანონო ინტერესების გატარებას, საქართველოს ეკლესიასთან და საქართველოს სახელმწიფოს ეკლესიასთან აქვს არაქრისტიანული დამოკიდებულება. შესაბამისად ანალოგიური პასუხი უნდა იყოს გაცემული საქართველოს მხრიდან,“-განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.
თეოლოგების ნაწილის განცხადებით კი, სამუშაო ჯგუფის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანამ თავი სულ მცირე მესამე მხარის - კონსტანტინოპოლის წარმომადგენლების ჩართვით უნდა დაიზღვიოს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს აუცილებლად უნდა ცდილობდეს და აკეთებდეს იმას, რომ რთავდეს მოლაპარაკებებში სხვა ეკლესიების წარმომადგენლებსაც. მათ შორის აქ უმთავრესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, სხვა საპატრიარქოს წარმომადგენელთა ჩართვა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება საერთაშორისო რეზონანსი შესძინონ ასეთ საკითხებს და არ დარჩნენ მარტო რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, მსხვერპლნი არ გახდნენ,“-აცხადებს ვლადიმერ ნარსია.