ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრობლემა საზოგადოების მწირ ინფორმირებაშია, რაზეც პასუხისმგებლობას რომან კაკულია ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს აკისრებს.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესებული არ არის და ლარის დრამატული გაუფასურება არ მოხდება.
„ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის არის სწორი. აქ ლაპარაკი გვაქვს ამ კონკრეტულ სეგქმენტზე მოღვაწეობის, როდესაც ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე უნდა იყოს უფრო მეტად ღია და გახსნილი იმ ანალიზში, როდესაც ის მკაფიოს გახდის საზოგადოებისთვის იმ ტენდენციებს, რომელსაც შეიძლება საფუძვლად მოჰყვა ამ ციფრის ცვლილება კურსთან დაკავშირებით,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
ოპოზიციაში კი არასწორ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციაზე მიუთითებენ.
„ინვესტიციების კლება, კორუფცია, რაც ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა მთავრობაში, რა თქმა უნდა აისახება როგორც ეკონომიკაზე ასევე ლარზე. ლარის გაუფასურება იწვევს დამატებით ფასების ზრდას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ეროვნულ ბანკთან მიმართებაში,“-ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ერთადერთი გზა ერონული ვალუტის გასამყარებლად გადასახადების შემცირება და ინვესტიციების ზრდაა.
„ლარის დაცემა არის განპირობებული მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო და ერთადერთი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან არის გადასახადების შემცირება და ბიუჯეტის ყაირათიანი ხარჯვა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ზურაბ ჭიაბერაშვილი.