საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს დღეს პარლამენტში გამოეხმაურნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილებს შორის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პროცესები იქნება გამიჯნული და გადაწყვეტილებები მხოლოდ იმის მიხედვით მიიღება, რა ჩანაწერიც არსებობს კანონში.
“ქართული ოცნება“ არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ყველა მსჯავრდებულის მიმართ მერაბიშვილი იქნება ეს, თუ რომელიმე სხვა მსჯავრდებული, იღებს სპეციალური კომისია, რომელიც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს იხილავს,“-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით სწორედ შესაბამისი კომისია იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამასთან, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, რომ გასაჩივრდეს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ხელისუფლებას ამის აღიარება მოუწევს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა უკანონო პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და მათ შორის ვანო მერაბიშვილიც, რომელიც პოლიტპატიმარია.
„ძალიან უცნაურია ამ თემის შემოგდება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჯერ არ არის გასული ის ვადა, რომელიც ითვალისწინებს ვადამდე ადრე გათავისუფლებას. და ეს აჟიოტაჟი ხელისუფლების ჩამოწოდებით იქნა შემოგდებული. თუ რატომ ეს არის გაურკვეველი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვანო მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ.
„თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი მაშინ ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, სხვა შემთხვევაში მიიღებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს დასავლელი პარტნიორებისგან. ამიტომ შესაძლოა ვადამდე ადრე გათავისუფლება იყოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი ამ სიტუაციიდან,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.