მმართველი გუნდი ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ემზადება. საუბარია 4 პუნქტზე, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იცვლება.
საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდის ხელმოწერებით შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი პროცედურები დაიწყება ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით. ახლა უნდა იმუშაოს საპროცედურო კომიტეტმა და ხელმოწერების ნამდვილობა დაამტკიცოს, რის შემდეგაც უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების გამხილველი კომისია.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პროცესს პოლიტიკურ ფარსს უწოდებს.
დეპუტატები ამბობენ, რომ იმ კომისიაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, სადაც წინასწარ უკვე ცნობილია გადაწყვეტილება.
„რა აზრი აქვს მონაწილეობის მიღებას იმ კომისიაში, როდესაც წინასწარ იცი შედეგი,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანის თქმით კი ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია მიღებისთანავე იცვლება და ამის ინიციატორები თავად მმართველი გუნდია ნიშნავს იმას, რომ ეს კონსტიტუცია არის ცუდი.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებითად მათ არ უნდა შეცვლა არაფრის და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ არანაირ განხილვას არ ექვემდებარება დამატებითი მოთხოვნები და ის არსებითი მოთხოვნები, რომელიც აქვს მთლიანად ოპოზიციას,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ცვლილებას ოპოზიცია მხარს უჭერს თუმცა ამას არ გამოხატავენ.