18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეპოტისტურ საკადრო პოლიტიკაზე საუბრობენ

მესამე სექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება, როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელში ხელისუფლების და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდამ გამოიწვია.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ღიად შეიმჩნევა ნეპოტისტური საკადრო პოლიტიკა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მედია გარემოზე.

„თვითონ სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც კვლევები ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული არის, ასევე, ფართო გაგებით ნეპოტისტური საკადრო პოლიტიკა. ყოველივე ეს აჩენს ჩვენში შეშფოთებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ხელისუფლებასთან, ყოფილ პრემიერთან ასოცირებული პირების ზეგავლენა ძლიერდება, რაც რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მედია განვითარებაზე,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წევრმა მამუკა ანდღულაძემ.

მესამე სექტორი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

„გამოსავალი პირველ რიგში, არის დისკუსიაში, გამოსავალი არის იმაში, რომ ამ თემებზე დაიწყოს აქტიური დისკუსია და საქართველოს პარლამენტმა მოაწყოს საჯარო განხილვა და მოითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იმ ეჭვების გაფანტვა და იმ კითხვებზე პასუხი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ,“ - განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წევრმა დათო ქუტიძემ.

დღის ამბები