ვანო მერაბიშვილი დღეს ადვოკატმა მოინახულა. გიორგი ჩივიაშვილმა მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. ადვოკატი მერაბიშვილს პირველად შეხვდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის საქმე შესაძლოა, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ განიხილოს.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავად არ მიუმართავს ე.წ. უდოს კომისიისთვის. ჩივიაშვილის ინფორმაციით, კანონით გაწერილი ვალდებულებაა, რომ როდესაც პატიმრის გათავისუფლება ექვემდებარება ვადაზე ადრე გათავისუფლებას, საკითხი უნდა განიხილოს უკვე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ.
„ახლა, კომისია იმსჯელებს ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბრის დასაწყისში, ჩემთვის უცნობია, ეს უკვე, კომისიაზეა დამოკიდებული... ხელისუფლება როგორ მოიქცევა, გამოიჩენს გონიერებას და არ დაელოდება სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას და მას გაათავისუფლებს სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე თუ დაელოდება და ამის შემდეგ გაათავისუფლებს, ამასთან დაკავშირებით იქნება, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი ჩოვიაშვილმა.
მერაბიშვილს ჯამში 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, მან უკვე მოიხადა 4 წელი და 5 თვე, ეს ვადა კი ე.წ. უდოს კომისიას უფლებას აძლევს, ვადაზე ადრე მისი გათავისუფლების საკითხი განიხილოს.