კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვს. სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ავტონომიის ყოფილმა პრეზიდენტმა ოფიციალური მადრიდის მიერ მინისტრების დაკავების ფაქტს დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა.
მისი თქმით, კატალონიაში დეკემბერში დაგეგმილი არჩევნები რეპრესიულ გარემოში ჩაივლის.
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის ყოფილი მეთაურის და მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ დაკავების საერთაშორისო ორდერი გუშინ გასცა. ამ დროისთვის მადრიდის ციხეში 9 კატალონიელი დეპუტატი იმყოფება.
„როგორც კატალონიის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მე მოვითხოვ ჩემი კაბინეტის წევრებისა და რეგიონის ვიცე პრეზიდენტის გათავისუფლებას. მოვითხოვ, ყველა სახის არჩევანის პატივისცემას და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებას. ესპანეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი კატალონიის ვიცე პრეზიდენტისა და ლეგიტიმური კაბინეტის წევრების დაპატიმრების გადაწყვეტილება, დემოკრატიაზე თავდასხმაა. მომხდარის შედეგად, 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნები რეპრესიების და დემოკრატიისთვის მიუღებელი პოლიტიკური დაკავებების გარემოში ჩაივლის,” - განაცხადა კარლოს პუჩდემონმა.