პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს უკვე გადამუშავებულ ვარიანტს გააცნობს. ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
“როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას პენსიები და არჩევნებამდე ალბათ, დაივიწყეს ხალხი. მთლიანად ეს ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი, იმეორებს წინა ბიუჯეტების შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არ არის მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებს მორგებული.
„მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. არ იზრდება პენსია, სოციალური დახმარება, არ იმატებს დევნილების დახმარება. ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დააზარალა ფაროსანამ იმიტომ, რომ არ არის ჩადებული ფაროსანას კომპენსაცია. ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული გადასახადების დაწევა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.