სამშენებელო კომპანია "სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებლის სკანდალური განცხადება. სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის მფლობელი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ზეწოლით მშენებარე კორპუსი გადააფორმებინეს. საუბარია საბურთალოზე ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე ობიექტზე.
შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა მისი ბიზნესის მითვისებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება "სალვუს დეველოპმენტის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას "სალუს საბურთალოს".
გიორგი სოზაშვილი შესაბამის ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ბიზნესზე ზეწოლაა.
”14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის არავის მხრიდან. ამ ყველაფრის, ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა. ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული მინდობილობა, რომ ხელი მოეწერა, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც მეორე დღეს ცდილობდა, რომ გაესხვისებინა 100 ლარად მესამე პირზე,“ - განაცხადა სალვუს დეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, "სალვუს დეველოპმენტის" ოფისში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც გიორგი სოზაშვილის მიმართ დაიწყო გამოძიება 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს, საქმეში ფიგურირებდა პროკურორი ბექა ეჟიშვილიც. თავად "სალვუს დეველოპმენტის" მფლობელი კი მის მიმართ განხორციელებულ ზეოწლას "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას უკავშირებს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.