ოპოზიციის ერთობლივ საჩივარს ცესკო დღეს განიხილავს. ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიები და საპარლამენტო ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების დროს გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებას და ბიულეტინების გადათვლას ითხოვენ.
„რეალურად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის გაყალბების მომენტები, რომელსაც ჩვენი პარტია მუდმივად წარმოგიდგენთ, რასაკვირველია ადეკვატურად აისახებოდა შედეგებზე. ჩვენ ვასაჩივრებთ, გავივლით ყველა სამართლებრივ ინსტანციას მიუხედავად მისა, რომ არ ვთვლით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების ნებას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით საჩივარი გუშინ შევიდა. საჩივარს ხელს ათი პოლიტიკური სუბიექტი აწერს.
„ათი სუბიექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 20 პარტიას, თანხმდება იმაზე, რომ ეს შედეგები არ ასახავს რეალობას, თანხმდება იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თანასწორი და შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მინიმალურს, მოდით გავხსნათ უბნები, გადავთვალოთ და შევადაროთ გამოცხადებული შედეგები,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.
ერთობლივი საჩივრით მიმართვის მიზეზებზე საუბრობს "ედპ"-ს ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ, ეს პოლიტიკური ჟესტია და მას ჯერ პრეცედენტი არ გააჩნია.
„ეს არის ერთობლივი საჩივარი და ასეთი პრეცედენტი ჯერ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, მინუს ხელისუფლება არ ცნობს არჩევნების შედეგებს. იმ ილუზიით ნამდვილად არ ვიკვებებით, რომ ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისია და "ოცნების" მიერ მართული სასამართლო რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაგრამ ჩვენ ამ საჩივრებს ვაძლევთ გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვას,“ - ამბობს "ედპ"-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ავტორები: ნინო გაზდელიანი