ექვსმა სამინისტრომ პრემია-დანამატებზე ექვსი თვის განმავლობაში 5 მილიონ 151 ათას 271 ლარი დახარჯა. სოზარ სუბარის უწყებამ დანამატებში 994 ათას ლარზე მეტი, ხოლო 63 ათასი ლარი კი პრემიებში დახარჯეს.
სოზარ სუბარის მოადგილე ამბობს, რომ გაცემული პრემია-დანამატები თანამშრომლების წახალისებას ემსახურება. მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მივლინებებზე სოზარ სუბარის უწყებამ 167 ათას 537 ლარი დახარჯა.
ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც სამინისტროებიდან გამოთხოვილი მონაცემები დააჯამა ამბობს, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ დახარჯული თანხა დევნილების პრობლემების ფონზე არაადექვატურია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების მივლინებებში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა, ოპოზიცია პრემია-დანამატის სახით მილიონ 800 ათასი ლარის მიზნობრიობის დასაბუთებას ითხოვს.
ჯანდაცვის სამინისტრომ 616 ათას ლარზე მეტი დანამატებზე, დაახლოებით, 35 ათასი ლარი კი პრემიებზე დახარჯა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 6 თვეში პრემიაზე 164 ათასი, დანამატზე - 658 ათასი, მივლინებაზე 270 ათასი, წარმომადგენლობითი ხარჯისთვის კი 40 ათასი ლარი დახარჯა.
ოპოზიციამ ხარჯების შესახებ ინფორმაცია ძალოვანი უწყებებიდანაც გამოითხოვა თუმცა, ამ დრომდე მონაცემები არ მიუღიათ პროკურატურიდან, იუსტიციის სამინისტროსა და შსს-დან.