უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ეს განცხადება გაუგებრობის მიზეზი გახდა.
ზოიძე ამტკიცებს, რომ ექიმებს რამდენიმე კლინიკაში ერთდროულად მუშაობა კანონით არ აეკრძალებათ.
სამედიცინო სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ექიმებიც კანონმდებლებს ურჩევენ პრობლემის მოგვარება დაბალი ანაზღაურების პრობლემის მოგვარებით დაიწყონ.
ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელ პირობად სამედიცინო დაწესებულებების რიცხვის შემცირებას ასახელებენ მმართველი გუნდის წევრებიც.
უმრავლესობის დეპუტატები თვლიან, რომ ერთ-ერთი გამოსავალი შერჩევითი კონტრაქტირება იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა დაწესებულებაში აღარ იმოქმედებს და ხელშეკრულებას მთავრობა მხოლოდ კონკრეტულ კლინიკებთან გააფორმებს.
კანონმდებლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის ახალი რეფორმა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია, ძალაში 2018 წელს უნდა შევიდეს.