ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად საარჩევნო უბნებზე გადაღებულ ვიდეო მასალებს ასაჯაროებს.
ენმ-ის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული უბნიდან მიღებული ჩანაწერები ისევ იშიფრება და გაყალბების სქემის კონკრეტული მაგალითების აღმოჩენა არ წყდება.
გარდაბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრი უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს კონკრეტული კაბინისკენ მიუთითებს. კაბინის გვერდით არსებული ფანჯრიდან მას გარეშე პირი ესაუბრება და კაბინაში მყოფს რაღაცას გადასცემს.
ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე ჩაწერილ კადრებში ჩანს, რომ უბნის დამკვირვებელი რეაგირების გარეშე ტოვებს ფაქტს, როდესაც ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას.
ზუგდიდის საარჩევნო უბანზე კი საარჩევნო კომისიის წევრი ბეჭედ დარტყმულ ბიულეტენს ატანს ერთ-ერთ ამომრჩეველს.
თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში გადაღებულ კადრში ჩანს, რომ ამომრჩეველი კონვერტს იღებს და თან მიაქვს.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გაყალბების სქემაში ქართული ოცნების კოორდინატორების, აქტივისტების, ადმინისტრაციული რესურსის და მმართველი გუნდის დამკვირვებლების გარდა, ჩართული იყო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების სქემის კონკრეტული ფაქტებით გამყარებას ოპოზიციური პარტია ისევ განაგრძობს და რეაგირების გარეშე არც ერთ ფაქტს არ დატოვებს.
ყველა ამ მტკიცებულებას ოპოზიციური პარტია სასამართლოშიც წარადგენს, სადაც სარჩლი უკვე შეტანილი აქვს. ნაციონალური მოძრაობა 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ხმების ხელახალ გადათვლას მოითხოვს.