საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება - ამის შესახებ ნათქვამია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამემამულეებისადმი მიმართვაში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
იოსებ ნანობაშვილის თქმით, ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. ელჩის განმარტებით, "საელჩო როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი და არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ."