კარლეს პუჩდემონი, კატალონიის მთავრობის ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიის ფედერალურ პოლიციას ჩაბარდა. ესპანეთის ავტონომიური რეგიონის ყოფილი ლიდერი და მისი თანამოაზრეები პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით, ადვოკატებთან ერთად, გამოცხადდნენ. ყველა მათგანს დღეს გამომძიებელი მოსამართლე დაკითხავს, რის შემდეგაც ის გადაწყვეტილებას მიიღებს გადასცემს თუ არა კატალონიის ყოფილ ლიდერს ესპანეთს.
თავად კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ბელგიის პროკურატურასთან.
პარალელურად ბრიუსელში და კატალონიაში პუჩდემონის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები ამბობენ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას.
კატალონიაში გამართული რეფერენდუმის შემდეგ და მას შემდეგ რაც რეგიონულმა პარლამენტმა მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება კატალონიის დამოუკიდებლობაზე, კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში ჩავიდა თუმცა მას პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია.