20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
პატიმრობა თუ გირაო - კარლეს პუჩდემონის და მისი 4 თანაგუნდელის შესახებ გადაწყვეტილება ხვალ დილამდე უნდა მიიღონ

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი დაკავებულია. ესპანეთის ავტონომიური რეგიონის ყოფილი ლიდერი და მისი თანამოაზრეები პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით, ადვოკატებთან ერთად, გამოცხადდნენ.

პატიმრობაში დატოვებენ თუ გირაოთი გაათავისუფლებენ კარლეს პუჩდემონს და მის 4 თანაგუნდელს, ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიელმა გამომძიებელ-მოსამართლემ ხვალ დილამდე უნდა მიიღოს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუკი კარლეს პუჩდემონი პატიმრობაში დატოვეს, ბელგიური კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანას 60 დღე აქვს, რათა მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. 

კარლეს პუჩდემონის ადვოკატი აცხადებს, რომ თუკი ის პატიმრობაში იქნება, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„დღეს დილით, 5 პირი, რომლებსაც ესპანეთის ხელისუფლება ეძებდა, ბრიუსელის ფედერალურ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ისინი 09:17 წუთზე დავაკავეთ ადვოკატების თანდასწრებით. მათ ოფიციალურად გავაცანით დაკავების ევროპული ორდერები. ბელგიური პროცედურის თანახმად, პროკურორის ოფისი შეარჩევს გამომძიებელ-მოსამართლეს, რომელსაც შეუძლია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები: უარი თქვას დაკავების აღსრულებაზე, დააკავოს ეს ადამიანები, გაათავისუფლოს ისინი პირობით ან გირაოს სანაცვლოდ. ამისთვის მოსამართლეს 24 საათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ხვალ დილის 09:17 წუთამდე უნდა იქნას მიღებული,“ - განაცხადა ბრიუსელის პროკურატურის პრეს-სპიკერმა ჟილ დეჟემეპიმ.

გამომძიებელ-მოსამართლის გადაწვეტილებას ელოდებიან კატალონიის მოქალაქეები. ისინი აღნიშნავენ, რომ კარლეს პუჩდემონს და მის მთავრობას მხარს უჭერენ.

დღის ამბები