თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლომ ათი პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ითხოვდა, ცესკოს დეტალურად განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, საჩივრები ეხებოდა იმ დარღვევებს, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ფიქსირდებოდა. საუბარია ძირითადად ე.წ. კარუსელებზე.
„ეს იყო გაყალბებული, დარღვევებით, სხვადასხვა ხრიკებით, სახელმწიფოს რესურსებით მიღწეული ძალიან უღირსი ფსევდო გამარჯვება „ქართული ოცნებისა,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ნიკა რურუამ.
საჭიროების შემთხვევაში, ოპოზიცია დავის გაგრძელებას სტრასბურგშიც აპირებს.
„ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის ყველა დანარჩენი. ეს პოლიტიკური განაცხადია. დიდი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ წარსულის გამოცდილებამ დაგვანახა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციამ, ასევე სასამართლო ხელისუფლებამ, რომ ისინი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებენ,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.