20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელზე მსჯელობს

ოპოზიცია სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. კერძოდ 10 პოლიტიკური პარტია ამჯერად, სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვს, თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი და თბილისის ყველა უბანზე ხმები ხელახლა გადაითვალოს.

ოპოზიციის სარჩელზე სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მსჯელობს, რომელთა შემადგენლობაშიც თეა ძიმისტარაშვილი, მერაბ ლომიძე და მირანდა ერემაძე არიან.

„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მხოლოდ მათ მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე 740 საჩივარია დაწერილი.

„ერთის მხრივ, თბილისის შემაჯამებელი ოქმების, როგორც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობას, ხოლო მეორეს მხრივ, მოვითხოვთ იმ უბნების გადათვლას, სადაც ჩვენ საჩივრები გვაქვს წარდგენილი. მხოლოდ „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს“ 740 საჩივარი აქვს წარდგენილი. აღარ ვსაუბრობ დანარჩენ 9 სუბიექტზე, რომელთა ჯამი ერთიანად წარმოადგენს 2000-მდე საჩივარს,“ - განმარტა ლორთქიფანიძემ.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, ქართულ სასამართლოებში სარჩელების წარდგენის მთავარი მიზანი, ევროპული სასამართლოსთვის მომზადებაა. კუკავა ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბების საქმეზე „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულის დასაწყისი იქნება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში მთელი სასამართლო სისტემა არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილი. სასამართლო სისტემის და კონკრეტულად, ამ სასამართლოს სათავეში დგას ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, რომელიც კარგად ახსოვს საზოგადოებას გირგვლიანის საქმიდან.

"ამიტომ, სააპელაციო სასამართლოში რაიმე განსაკუთრებული იმედები არ გვაქვს ერთის გარდა, მოსამართლე ღლონტს პირველი ინსტანციის სასამართლოში ეძინა და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო იმდენ პატივს მაინც დაგვდებს, რომ ეღვიძებათ სასამართლო პროცესზე,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები