სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიციური პარტიები ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.
„ზოგი ჭირი მარგებელია და აი ეს ჭირი, რაც ვნახეთ მათ შორის, მარგებელი იქნება სტრასბურგში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტი, რომ მთელი ამ ადგილობრივი არჩევნების დროს იმ უამრავი დარღვევებიდან, რაზეც მიუთითებდა ოპოზიცია, მათ შორის ბევრი წარმოდგენილი იყო ვიდეო ფირზე, ბევრი წარმოდგენილი იყო მოწმეთა სახით გამტკიცებული იყო ეს ყველაფერი, ამ მტკიცებულებებიდან არც საუბნომ, არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არც საქალაქომ და არც სააპელაციომ არ გაითვალისწინა არცერთი და თქვეს, რომ უბრალოდ დარღვეული არის პროცედურული ნაწილი,“ - განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ კახა კუკავამ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი, რადგან მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, 2017 წლის არჩევნები დარჩება ქვეყნის ისტორიაში „15 ლარიანი არჩევნების“ სახელწოდებით და „დემოკრატიული მოძრაობა“ უზრუნველყოფს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდეს ის დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა თვითმმართველობის არჩევნებზე.
ცესკოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადასტურებს, რომ შემაჯამებელი ოქმები იყო კანონის შესაბამისი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის აუცილებლობა.