ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ონიანის თანაგუნდელები დღეს სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ონიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის "ენმ"-ის წევრი.
„გოგა ონიანი დღეს არის დაკავებული იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი რომ გადასულიყო პირდაპირ გეუბნებით, დღეს „ევროპულ საქართველოში“, გოგა ონიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას თანამებრძოლი, დათო კეზერაშვილის თანამებრძოლი, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, ეს ადამიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოსამართლეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებელი უწოდა ნიკა რურუამ. მისი თქმით, ონიანის დაკავება პარტიის წევრების დათრგუნვის მცდელობაა.
„ეს არის მთლიანად პოლიტიზირებული სასამართლო. რომელიც დაკვეთებს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების. ეს არის დასათრგუნად, დასაშინებლად გაკეთებული აქტი. საქმე რომლის დანარჩენი 5 ფიგურანტი გათავისუფლებულია დაამთავრეს ასე, იმიტომ, რომ გოგა ონიანი არის ნამდვილი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ეს დასათრგუნი დასაშინებელი აქტი ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას,“ - აცხადებს ნიკა რურუა.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების გამო, საკრებულოს დღეს ჩანიშნულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ირაკლი ნადირაძემ მოსამართლის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით გავაგრძელოთ დღევანდელი დღე. ამიტომ, პროტესტის ნიშნად, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ საკრებულოს სხდომას არ დაესწრება,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.