ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და მის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამოთქმულ იმ ბრალდებებს პასუხობენ, რომლის მიხედვითაც, გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა არადამაჯერებელია.
“სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ის მტკიცებულებები იყო საკმარისი ბრალდების მიერ წარდგენილი, რაც მას ბრალად ედებოდა და გამამტყუნებელი განაჩენი არის გამოტანილი, ეს ნიშნავს, რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში და პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, ეს არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ალბათ იმ ძალადობას და ამართლებს იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება არც მმართველი გუნდის კიდევ ერთ ლიდერს, კობა ნარჩემაშვილს. მისი თქმით, საქმის განხილვის პროცესში ონიანს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა ჰქონდა.
„როცა ასეთ ხანგრძლივ პროცესთან გვაქვს საქმე სამართალწარმოებაში, როდესაც ოთხი წარდგენილი ბრალდებით ოთხივეში ბრალი დაუდასტურდა, როცა მას სრული საშუალება ჰქონდა მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელებით ემოქმედა სასამართლო პროცესზე და წინასწარ გამოძიებაში, მე ვიტოვებ უფლებას ვიფიქრო, რომ სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების მტკიცებას, ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მათ აქვთ სრული უფლება, აკეთონ ის, რაც უნდათ,“ - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.
გოგა ონიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღეს დილით გამოცხადდა. ადვოკატი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმის მოსამართლემ ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.