20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ დღეს მუშაობა დაასრულა - დეპუტატები განვლილ სამ წელს აფასებენ

საკრებულოს მოქმედი წევრები განვლილ სამ წელს აფასებენ. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ასზე მეტ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ემსახურებოდა თბილისელების ინტერესებს. მათ შორის ისეთი საკითხების, რომელიც არაერთი ხმაურის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გამხდარა.

გიორგი ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარეს მომავალ კვირას ოფიციალურად ჩაანაცვლებს. 

საკრებულო ბოლო რამდენიმე თვეში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მთავარი ადგილი არაერთხელ გახდა. იმ დროს, როდესაც სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენილი ქართული ოცნება თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილს გადასცემდა, საკრებულოს წინ ოპოზიციის იმ წევრებს აკავებდნენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. 

მიღებულ გადაწყვეტილებებში იყო ისეთი, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტელეკომპანია რუსთავი2-ის სასამართლო დავასა და ამ პროცესში ხელისუფლების გავლენებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულომ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, ძმას სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ გადასცა, ოპოზიცია პოლიტიკურ კორუფციაზე ალაპარაკდა.

დეპუტატები იხსენებენ, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე ოპოზიციამ ერთიანობა შეძლო, თუმცა ამან შედეგზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

ოპოზიცია მაშინაც ერთიანი იყო, როდესაც თანამდებობიდან იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის, გადაყენება მოითხოვა.

დღევანდელი სხდომა ია მაკასარაშვილისთვისაც ბოლო იყო. დეპუტატი ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდება.

ქართული ოცნების ცალკეული წევრების მსგავსად, ახალ შემადგენლობაში ოპოზიციის დეპუტატებიც ვერ მოხვდებიან. მათ შორის არის რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.

დეპუტატებმა ჯერ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე უნდა აირჩიონ, შემდეგ კი ნდობა თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადონ.

დღის ამბები