20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიასთან დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო პროცესი იწყება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში თბილისის  მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებულების საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება.

პროცესზე დღეს პროკურატურის ახალ მტკიცებულბებს ელოდებიან, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მათი მხარდამჭერების მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა უნდა დაადასტუროს.

დღესვე სასამართლო სხდომაზე საკუთარ მოწმეებს წარადგენს „ნაციონალური მოძრაობაც.“

„დღევანდელ პროცესზე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როგორც მოწმეები. ასევე ჩვენ გვყავს წარმოდგენილი სამი მოწმე, რომელიც ასევე დაიკითხება. მოხდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. შესწავლილი გვაქვს ეს ვიდეოები და იქ არანაირი სამართალდარღვევა არ ფიქსირდება, არც წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა, არც პოლიციის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა. ყველა სამართალდარღვევის საქმე არის შეთითხნილი, რადგან ერთი და იგივე ახსნა-განმარტება აქვს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში დაკავებულ პირებზე პოლიციის თანამშრომლების,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ბესო გაზდელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათ მიმართ წაყენებულ ბრალს დაადასტურებს.

„ამ ვიდეომასალებიდან არაფერი არ იკვეთება, ერთადერთი მერიის მიერ მოწოდებულ მასალებში  ჩანს, რომ ჩვენ აქციაზე ვიმყოფებით, მაგრამ მანდ არ ჩანს არანაირი ჩვენს მიერ კანონდარღვევა. ერთადერთი რაც ჩანს, პოლიციელები, როდესაც პიროვნებას აკავებენ, სვამდნენ ჩვენს მანქანაში და ვეკითხებოდი რატომ სვამთ ამ მანქანაში და მერე გაოცებულები ერთმანეთს უყურებდნენ. ამ კადრებში ვჩანვარ მხოლოდ,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი რუხაია.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.  

ავტორები: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები