საქალაქო სასამართლო უკვე რამდენიმე საათია მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მსჯელობს.
პროცესზე, დღეს ბრალდების ახალ მტკიცებულბები განიხილეს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მათი მხარდამჭერების მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობის ფაქტები უნდა დაედასტურებინა. პროცესზე ასევე იგეგმება ბრალდების და დაცვის მოწმეების დაკითხვა.
„არა მარტო ჩემი, არამედ არც ერთ ჩემი მეგობრის ბრალეულობა იმ ვიდეოჩანაწერებში არ დასტურდება. ჩვენ არსად არ ვარღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს და მით უმეტეს, არსად არ ვილანძღებით და არ ვეწინააღმდეგებით პატრულის თანამშრომლებს. ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა არის ის, რომ ჩვენ გაგვათავისუფლონ ადმინისტრაციული ჯარიმისგან,“-განაცხადა ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო გაზდელიანმა.
აქციის მონაწიელეები, პოლიციამ ერთი თვის წინ, იმ დროს დააკავა, როცა ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.