„სამწუხარო პოლიტიკური მოვლენაა, რომ დაახლოებით, 20 პოლიტიკური პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას იღებს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების დაფინანსების სისტემა რეფორმას საჭიროებს და ამის შესახებ პარლამენტი ცვლილებებს განახორციელებს.
„მთლიანობაში ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს და ამ კუთხით პარლამენტში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების წესის შესახებ განცხადება ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, სიტყვით თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართეს.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.