„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო დარღვევების ფაქტები პროკურატურაში გაასაჩივრა. საგამოძიებო უწყებას ოპოზიციური პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ დღეს 35 ვიდეო ფაილიც გადასცა, სადაც გაყალბების მტკიცებულებებია ასახული.
„ნაციონალური მოძრაობა“ რეაგირებას შოთაძის უწყების გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგანაც ელოდება, რადგან, ოპოზიციის შეფასებით, გაყალბების ყველაზე მასშტაბური ფორმა ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის პირადი მონაცემების ჩაწერა და მათი ნების კონტროლი იყო.
„21 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილის რეჟიმმა გააყალბა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ისევე, როგორც ცესკო-ს იმისთვის, რომ შემაჯამებელი შედეგები გაუქმებულიყო, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ორგანო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ისევე, როგორც სხვა ინსტანციებთან, აქაც ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ მაინც ჩვენ ყველა სამართლებრივ უფლებას გამოვიყენებთ, რათა ნათელი მოვფინოთ იმ გაყალბების და მთელ სისტემას, რაც 21 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.
„არჩევნების ჩატარების შეფასება, პირველ რიგში, დამკვირვებლების ფუნქცია არის უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკოსების, რომლებსაც თავიანთი სუბიექტური შეფასებები და ინტერესები აქვთ. ყველა დამკვირვებლის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვების გარეშე და ისეთი დარღვევების გარეშე, რომელსაც არჩევნების შედეგზე რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლო. სისტემურ ხასიათზე საუბარი ზედმეტია, რაც შეეხება კონკრეტული დარღვევები იყო თუ არა, ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების შესწავლის საგანია,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.