„იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება, რომ რომელიმე ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების პროცესში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას, კანონიერი მიზნისა და საფუძვლის გარეშე, შესაბამის ორგანიზაციას კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება,“- ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა.
ამ დროისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების სავარაუდო, უკანონო დამუშავების ფაქტებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს სწავლობს.
უწყებაში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისგან შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოთხოვილია.
პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან რეაგირებას ელოდება, რადგან, ოპოზიციის შეფასებით, გაყალბების ყველაზე მასშტაბური ფორმა ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის პირადი მონაცემების ჩაწერა და მათი ნების კონტროლი იყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარდგენილ მასალას შეისწავლიან.