20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაბათილებას სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვს

ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნების შედეგების გაბათილებას სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სარჩელის ტექსტს და სამოქმედო გეგმას საპარლამენტო ოპოზიციასთან კოორდინირებულად შეათანხმებენ. ლიდერთა საბჭო სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე ამ წუთებში მსჯელობს.

„მსოფლიოს ისტორიაში თანამედროვე ეტაპზე პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია კონკრეტული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არ ცნობს მას ლეგიტიმურად, გარდა ერთადერთი მმართველი პარტიისა. ეს უკვე გახლავთ ის, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაწყებულია,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, 21 ოქტომბრის არჩევნები ტოტალური დარღვევებითა და მანიპულაციებით ჩატარდა.

„რაც არ უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“ ამის შემდეგ ის არჩევნების შედეგებს ვერ გაათეთრებს,“- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ვინაიდან ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი არჩევნების შედეგების გაბათილების შესახებ, მათ გადაწყვიტეს, ევროსასამართლოს მიმართონ. „საქართველოს ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ ქართულ სასამართლოზე ზეწოლა განახორციელა და მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს.  

დღის ამბები