2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სახელის დასახელებისგან მმართველი გუნდის წევრები ამ ეტაპზე თავს იკავებენ. თუმცა, სახელდება რამდენიმე კონკრეტული პირი, მათ შორის არიან დავით სერგეენკო და მიხეილ ჯანელიძე.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი თავისი რჩეულის დასახელებას არ ჩქარობს და ხანგრძლივ კონსულტაციებს აანონსებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმ კრიტერიუმებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მომავალ პრეზიდენტს უნდა ახასიათებდეს. მაგალითად, მათი თქმით, მომავალი კანდიდატი უნდა იყოს გაწონასწორებული, ღირსეული, ობიექტური და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების კეთილგანწყობა.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და კანდიდატებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
„კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ უმთავრესი საზოგადოების განწყობებია აღნიშნული პირის მიმართ.