რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტიდან 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გაიღებს. დოკუმენტში რუსული აგრესიის ბიუჯეტის პროექტი მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარებასაც ითვალისწინებს - უკრაინისთვის 350 მილიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის კი 100 მილიონ დოლარის ოდენობით.
მატერიალური დახმარების მიმღებ პარტნიორთა რიგებში საქართველო არ არის, თუმცა დოკუმენტში 2008 წლის ომია ნახსენები.
დოკუმენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გააკეთა.
„ეს ტექსტი პირადად არ მინახავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყანა ნახსენები არ არის არ გულისხმობს, რომ ამ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს, რომ შეეწინააღმდეგოს და შეაჩეროს რუსული აგრესია. ზუსტად იგივე მესიჯები გაჟღერდა ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის დროს, იგივე ითქვა ჯონ მაკკეინის, ლინსი გრეიმის ვიზიტის დროს. ლინსი გრეიმი არის იმ კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თანხების გამოყოფაზე. საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და შესაბამისად, მოხვდა ამ ქვეყნების სიაში,“ - აღნიშნა იან კელიმ.
ექსპერტების აზრით, ის ფაქტი, რომ აშშ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს რუსული აგრესიის შეჩერებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ რესურსების მობილიზება საყოველთაო პოლიტიკური კონსესუსის საგანია აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებში, მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი საქართველოსთვისაც მთავარი საფრთხეა. ეს იქნება ძლიერი ფაქტორი, რომ საქართველომაც გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პარტნიორებთან სინქრონიზებულად,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.