„პანორამა თბილისი“ მხოლოდ დედაქალაქის ეკო სისტემას არ აზარალებს - „კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერის იდეას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეეწირება.
„პანორამის“ საბაგირო გზის საყრდენი ანძებიდან ორი, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე შენდება. მათ შორის ერთი, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის ეზოა, მეორე კი, ბოტანიკური ბაღი.
საბოლოო მიზანი კი, თავისუფლების მოედანზე მშენებარე კომპლექსის „თბილისი სითის“ თაბორის მთაზე „თაბორი რიზორთსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადგურთან დაკავშირებაა.
სამუშაოები დაწყებულია, თუმცა, „კურიერს“ ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუციათ და კომპანია „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები განხილვის პირველ ეტაპზეა.
ისტორიული განაშენიანების ზონაში უკანონოდ მიმდინარე მშენებლობაზე განცხადება ოპოზიციაში გაკეთდა და ისინი თბილისის მომავალ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენის რისკი დიდია და სამუშაოების შესრულებას არქეოლოგის მეთვალყურეობაც კი დასჭირდება.
სამოქალაქო საზოგადოებაში თვლიან, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობით ქალაქის მოქმედმა ხელისუფლებამ თბილისის ისტორიულ ღირებულებებსა და ინვესტორის ინტერესს შორის ბალანსის დაცვა ვერ მოახერხა.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კი, დოკუმენტაციის და იმ კვლევის გასაჯაროებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც არა ერთმა საჯარო უწყებამ საბაგიროს მშენებლობა მისაღებად მიიჩნია.