20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში, სიტყვა - ოკუპაცია ნახსენები არ არის

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში, სიტყვა ოკუპაცია არცერთხელ არ არის გამოყენებული. სტრასბურგში წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ მზადდება, გაკრიტიკებულია რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში, ნახსენებია 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც კრემლი არ ასრულებს, მაგრამ არცერთხელ არ არის გამოყენებული სიტყვა - ოკუპაცია.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში მოხვდა მავთულხლართები, ე.წ. ბორდერიზაცია, სოფელ ერედვში ქართველთა სახლების განადგურების ფაქტები, საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. დოკუმენტი სათაურით - "კონფლიქტი საქართველოში", ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

ევროსაბჭოს ანგარიშს ევროკავშირის დელეგაციის განცხადება მოყვა. განცხადებაში ევროკავშირი რუსეთს 2008 წლის 6 პუნქტიანი დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშში სიტყვა - ოკუპირებული ოპოზიციას და ანალიტიკოსებს დააკლდათ. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკას უწუნებს, თუმცა მათ არგუმენტებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. 

ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ტერმინები მსგავს დოკუმენტებში მნიშვნელოვანია და ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

ავტორი: თამთა ჯიქია

 

დღის ამბები