იუსტიციის მინისტრი ბოლო დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულო მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი სამ კვირიანი ფიქრის შემდეგ მოაწერა ხელი. ამ ფაქტს კი, წინ უძღოდა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს შორის.
"ბოლო დღეებში ჩვენ რაც ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში გარკვეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასევე თავმჯდომარისთვის. მე, როგორც ამ პროცესის დამკვირვებელი გარედან, ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებელი იქნება, რომ წევრებმა და თავმჯდომარემ ერთმანეთში კომუნიკაცია არა მხოლოდ გააუმჯობესო, არამედ კომუნიკაციას და შიგნით დიალოგს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, იმისათვის, რომ არ იყოს მომავალში ამგვარი შემთხვევები." - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, კონკრეტული მოსამართლების დანიშვნის საკითხი არ ეხება მთავრობას, ეს მართლმსაჯულების პრეროგატივაა.
"რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლების დანიშვნა არ დანიშვნის საკითხს, ეს რა თქმა უნდა არ ეხება მთავრობას, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებას, რომელმაც შიგნით უნდა იქონიოს ჯანსაღი პროცესები, იმისთვის, რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და მიუკერძოებელი კადრები," - აღნიშნა წულუკიანმა.