„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ.
„საია“ შესაბამის უწყებებს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“გავრცელებული ინფორმაციით, ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.
"ამ პირობებში, ოფიციალური ინფორმაციით საქმის შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები ახორციელებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს.
"ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ევროპულმა სასამართლოს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა იყო ის, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა აწარმოეს. სასამართლომ დარღვევად ჩათვალა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პროკურატურას არ გადასცა მაშინვე, როცა შეიტყო, რომ ამ დანაშაულში წვლილი სავარაუდოდ შს სამინისტროს თანამშრომლებს მიუძღოდათ.
"ამირან კვირიკაშვილის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.
"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას. ამასთან, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს საქმის ყოველმხრივი, სწრაფი და ობიექტური გამოძიება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე”, - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.