20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას მთავარ პარნტიორებად ასახელებს, ანგარიშში "რუსთავი 2-ის" საქმეც მოხვდა

ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინას მთავარ პარტნიორებად ასახელებს. ევროკომისიამ თავისი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია ყველა ის სფერო, სადაც მხარეები თანამშრომლობენ.

ანგარიშში „რუსთავი 2-ის“ საქმეც მოხვდა და აღინიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„სამართლებრივი დავას, რომელიც ტელევიზიის მფლობელებთან დაკავშირებით არის, მას შეიძლება პოლიტიკური საფუძველი ედოს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში დიდი ყურადღებაა გამახვილებული უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმების გაფორმებაზე.

ევროკომისიის ანგარიშს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გამოეხმაურა.

„ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ჩასწორებული დღის წესრიგი უზრუნველყოფს 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტების პრაქტიკულ გეგმას. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან მიახლოება საქართველოს საშუალებას აძლევს საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე გახდეს. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წელს უფრო მეტად გაიზარდა. 2017 წლის ივლისში ენერგო გაერთიანების ხელშეკრულებასთან საქართველოს, როგორც სრულუფლებიანი კონტრაქტორი მხარის მიერთება, მორიგი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის,“- აღნიშნავს იოჰანეს ჰანი.

ანგარიშს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინიც გამოეხმაურა.

"ევროკავშირმა და საქართველომ ბევრი ინვესტიცია ჩადეს პარტნიორობის გაძლიერებაში და მას უკვე დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მარტის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოკლე ვადით იმოგზაურონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე. ვხედავთ, რომ უფრო მეტი სტუდენტი მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში, ვიდრე ეს ადრე იყო და დღეს უფრო მეტი სავაჭრო შესაძლებლობები არსებობს ჩვენი ბიზნესმენებისთვის. დღევანდელი ანგარიში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მკაფიო პროგრესს აჩვენებს. ევროკავშირი გააგრძელებს იმ სამუშაოების მხარდაჭერას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში უნდა ჩატარდეს და დარჩება ერთგული ასოცირების დღის წესრიგის საფუძვლიანი განხორციელების მიმართ,“- აღნიშნავს მოგერინი.  

 

დღის ამბები